წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებმა წვევამდელებმა სამედიცინო შემოწმება გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გაიარეს.
წვევამდელების ნაწილი ვებ-გვერდზე conscript.mod.gov.ge დარეგისტრირდა, ნაწილმა კი, ადგილობრივ სამხედრო განყოფილებას საკუთარი სურვილით მიმართა.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სამედიცინო კომისიის შედეგებიდან გამომდინარე, წვევამდელები სამხედრო ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, ეროვნულ სამხედრო სამსახურს 6 ან 8 თვის განმავლობაში გაივლიან.
„გამოძახებამდე, საკუთარი სურვილით განაცხადის გაკეთება მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 6, 8, ან 11-თვიანი ვადებიდან, მის დაკომპლექტებამდე, არჩევანის საშუალებას და განსაზღვრულ ანაზღაურებაზე 30 %-იანი დანამატის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
6-თვიანი ვადით წვევამდელები საბრძოლო ქვედანაყოფში იმსახურებენ და მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 765 ლარი იქნება. 8-თვიანი ვადით წვევამდელები საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ და დარიცხულ ანაზღაურებას თვეში 635 ლარის ოდენობით მიიღებენ. 11-თვიანი ვადით კი წვევამდელებს შეუძლიათ იმსახურონ საბრძოლო ქვედანაყოფში უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე. წვევამდელების დარიცხული ანაზღაურება თვეში 1275 ლარიდან 1530 ლარამდე შეადგენს. 11-თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ, მათ მიენიჭებათ შესაბამისი სამხედრო წოდებები - ლეიტენანტი ან უმცროსი სერჟანტი და ჩაირიცხებიან რეზერვში“, - აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისაგან გათავისუფლების საფუძველი.
თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სრულიად განახლდა და 1-ელი იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი.
2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა შერჩევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე.