49 ინფიცირებულიდან, კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ერთი მათგანი ინფექციური საავადმყოფოდან გუშინ გაეწერა, მეორე პაციენტი კი სტაციონარს დღეს დატოვებს.
„პირველი ეტაპის პაციენტებზე მონიტორინგს ვაწარმოებთ და ორ პაციენტთან ვირუსზე განმეორებითი კვლევა უარყოფითია. ერთმა უკვე დატოვა გუშინ ჩვენი დაწესებულება და მეორე დატოვებს დღეს ე.ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 3-მა პაციენტამ დატოვა ჩვენი ცენტრი“,- განაცხადა მედიასთან ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება 80 წელს გადაცილებულ პაციენტს, ეზუგბაიას ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა.
ამჟამად, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 259 პაციენტი. 49 ინფიცირებულიდან, 3 გამოჯანმრთელდა. ერთმა რამდენიმე დღის წინ დატოვა სტაციონარი, მეორემ - გუშინ, ერთი პაციენტი კი დღეს გაეწერება.