„სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განაცხადებს 10 თებერვლის ჩათვლით მიიღებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სახელმწიფო პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს.
რაც შეეხება პროგრამას და მონაწილეობას, საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა და, ჯამში, 50-მდე პროექტი დაფინანსდება.
პროგრამაში მონაწილეობა კი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც 2 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.
პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში უნდა წარადგინონ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა; გორი, სამების ქ. N1; რუსთავი, ი. ცურტაველის ქ. N5ა; ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N1060; ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.