ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის იანვარში სამართალდარღვევის 47 ფაქტი გამოავლინეს.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 43 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 52 კუბურ მეტრამდე ხე-ტყეა ამოღებული, რომელიც შემდგომი განკარგვის მიზნით, სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 16 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 10 - სამცხე-ჯავახეთის, 6 - მცხეთა-მთიანეთის, 1 - იმერეთის სატყეო სამსახურის, 2 - ქვემო ქართლის, 2 - შიდა ქართლის, 3 - გურიის, 1- რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და 2- სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
„რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, ასევე, სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 4 ფაქტი გამოავლინეს.
ჩვენი პრიორიტეტული მიმართულება ტყის აღდგენის ღონისძიებებია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 4000 ჰა ფართობზეა განხორციელებული, ხოლო გეგმის მიხედვით, 2030 წლამდე აღდგენის სამუშაოები სულ მცირე 20 000 ჰა ფართობზე განხორციელდება.
სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგებიც, რაც, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებასთან ერთად, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენის საშუალებას იძლევა“, - აცხადებენ სააგენტოში.