საზოგადოება
21.03.2020 15:48
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

საქართველოს პრეზიდენტმა, მთავრობის მიმართვის საფუძველზე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება.

„ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პანდემიისათვის გამოცხადებული მზაობის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა, მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანვე. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ მე-2 მუხლის თანახმად, გამოვცემ დეკრეტს, რომლის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტუტიციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის: გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები; საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა.ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები.

ეპიდემიის პირველი ტალღის შეკავება მოვახერხეთ, ამით შეიძლება ვიამაყოთ, რამეთუ, ეს არის ჩვენი საზოგადოების, სახელმწიფო უწყებების და ჯანდაცვის სისტემის ერთობლივი მიღწევა. ეს პირველი წარმატება გამარჯვებად უნდა ვაქციოთ. ეპიდემიის თვისებიდან გამომდინარე, მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიღებს.

შეზღუდვის დაწესებისას მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნა ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და არ იქნა შეზღუდული არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლების უფლებები, რათა მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და საზოგადოების ინფორმირება. ასევე, დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის არც სრული კარანტინი დ არც კომენდანტის საათის გამოცხადება”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

კვირის ამბები