გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა, საკრებულოს წევრებთან ერთად, მოსახლეობასთან პირველი შეხვედრები გამართა და აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული პროექტების გარდა, მოსახლეობის სხვა საჭიროებებსაც გაეცნო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ამჯერად, გორის მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელში იმყოფებოდნენ. ზემო ხვითში, ზემო ნიქოზში, ფხვენისში, ქვემო ხვითში, შინდისში, ყელქცეულში, საქაშეთში, ვარიანსა და ახალდაბაში ადგილობრივებმა 2025 წელს განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ პროექტებს სოფლის მოსახლეობა შეხვედრებზე ხმათა უმრავლესობით თავად შეარჩევს. შეხვედრები კი წინასწარ შედგენილი გრაფიკით უკვე დაიწყო.
„ყველა სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი. გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 18 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში გაიმართება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
ცნობისთვის, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.