საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე, - ამი შესახებ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა გიორგი გახარიან ცოტა ხნის წინ განაცხადა.
რას გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა, კანონის შესაბამისად რა დროს ცხადდება და რა სავალდებულო წესების დამორჩილება მოუწევთ მოქალაქეებს
საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მასობრივი არეულობა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, ეპიდემია ან სხვა მრავალი შემთხვევა, რომლის დროსაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას. საგანგებო მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით.
საგანგებო მდგომარეობისას, კონკრეტულ გარემოებათა შესაბამისად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, შეუძლიათ განახორციელონ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ზღუდავენ ადამიანთა კონსტიტუციურ უფლებებს. მაგალითად, შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილებში შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი, შეზღუდონ მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე, დროებით ჩამოართვან მოქალაქეებს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, აკრძალონ კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაფერი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში სარეკომენდაციო ხასიათის ატარებდა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, სავალდებულოდ შესასრულებელ წესად იქცევა.