გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იწყება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტებს სოფლის მოსახლეობა შეხვედრებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩევს. შეხვედრები კი, წინასწარ შედგენილი გრაფიკით, დღეიდან, 27 იანვრიდან დაიწყება და სოფლის კრებები მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში მუნიციპალიტეტის 112 სოფელში გაიმართება.
„პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. დასაფინანსებელი პროექტები მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს და საპროექტო წინადადებების მიღების პროცესს კოორდინაციას გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირები გაუწევენ“, - აცხადებენ გორის მერიაში.
ცნობისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და 2025 წელს, პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.