საზოგადოება
21.03.2020 14:47
საგანგებო მდგომარეობის პირობები კიდევ უფრო მეტ შეზღუდვას ითვალისწინებს, რაზეც მოსახლეობა იქნება ინფორმირებული - გუბერნატორი

შიდა ქართლის რეგიონში უკვე დაიკეტა ყველა კაფე, რესტორანი, სავაჭრო ობიექტი, ასევე, შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მხარის გუბერნატორის თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობები კიდევ უფრო მეტ შეზღუდვას ითვალისწინებს, რაზეც მოსახლეობა ინფორმირებული იქნება.

,,მჭიდრო კოორდინაციაში ვართ დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ასევე, პოლიციასთან. სამწუხაროდ, არიან მოქალაქეები, რომლებიც თვითიზოლაციის რეკომენდაციას არ ემორჩილებიან და ამ სამსახურების ერთობლივი მუშაობით, ოპერატიულად ხდება შესაბამისი ზომების მიღება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, არსებული რეკომენდაციის გათვალისწინებით, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე დაიკეტა ყველა კაფე, რესტორანი, სავაჭრო ობიექტი, ასევე, სატრანსპორტო კომპანიების მფლობელებმა გაითვალისწინეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია და ამ დროისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც შეჩერებულია. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე, შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის პირობები კიდევ უფრო მეტ შეზღუდვას ითვალისწინებს, რაზეც მოსახლეობა იქნება ინფორმირებული“, - განაცხადა  შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა. 

კვირის ამბები