გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს დაცული ლანდშაფტების ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ღონისძიებას ხუთი დაცული ლანდშაფტის: ტანისა და თეძმის (გორის მუნიციპალიტეტი), არაგვის (დუშეთის მუნიციპალიტეტი), თრუსოს (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი), მაჭახელას (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) და თუშეთის (ახმეტის მუნიციპალიტეტი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მინისტრმა დაცულ ლანდშაფტებში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ვიზიტორთა ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, ტურისტული ბილიკების, საინფორმაციო დაფების და გზის მანიშნებლების განთავსების სამუშაოებზე მოისმინა ინფორმაცია
შეხვედრის ფარგლებში, სმარტ-მოწყობილობების და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის, ასევე, „საქმიანი ეზოების“, სახერხი საამქროების და საძოვრების მოწყობის საკითხებიც განიხილეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დავით სონღულაშვილმა დაცული ლანდშაფტების ადმინისტრაციების წარმომადგენლებს გარემოს დაცვის მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სურვილი გამოთქვა, ადგილზე გაეცნოს მიღწეულ შედეგებს.
დაცული ლანდშაფტი არის დაცული ტერიტორიების კატეგორია, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მართავს. დაცული ლანდშაფტის შექმნა ხელს უწყობს რეგიონის ბუნებრივი და კულტურული ფასეულობების დაცვას და შენარჩუნებას, ადგილობრივი ტრადიციული საქმიანობის განვითარებას, ადამიანის და ბუნების ჰარმონიულ თანაცხოვრებას. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მდგომარეობით, საქართველოში დაცული ტერიტორიების ფართობი 927 729 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13,3%-ია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს დაცული ტერიტორიების ზრდის მიმართულებით.