ჩვენს განთავისუფლებაში, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი შეიტანეს სახელმწიფო სტრუქტურებმა, უსაფრთხოების სამსახურმა, - ამის შესახებ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებულმა ალექსი მამულიამ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
მამულიას განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობის პერიოდში ზეწოლას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
„მოგეხსენებათ, ექიმი ვარ და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ახლობელთან შესახვედრად ვიყავი, ვისთვისაც უნდა ჩამეტარებინა კონსულტაცია. ცხინვალში მცხოვრებია ეს ადამიანი, ქართველია წარმოშობით. ის უნდა მოსულიყო ახლოს საოკუპაციო ზოლთან. რა თქმა უნდა, ადგილმდებარეობა არ ვიცოდი, გავიყოლე ჩემი ნათესავი ივანე ჯაფიაშვილი, რომელმაც მიმასწავლა საზღვარი და ის ადგილი, სადაც უნდა შევხვედროდი. ჩვენი ფიქრით, არ გადაგვიკვეთია საოკუპაციო ხაზი, მაგრამ რუსებმა ჩათვალეს, რომ ჩვენ გადაკვეთილი გვქონდა. სრულიად მოულოდნელად მოგვადგნენ იარაღებით და ნიღბებით და განგვიცხადეს, რომ ჩვენ დავარღვიეთ ,,საზღვარი“. წაგვიყვანეს ცხინვალის სამხედრო ბაზაზე, სადაც დაკითხვა ჩატარდა და შემდეგ გადაგვიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც გვამყოფეს შვიდი დღე. მეშვიდე დღეს ,,სასამართლო“ ჩატარდა.
გვეპყრობოდნენ კარგად, პირობები იყოს კარგი, კვებაც ნორმალური იყო, ციხის პირობებში შეზღუდული აბსოლუტურად არაფერში არ ვიყავით. ზეწოლას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ჩვენს განთავისუფლებაში, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი შეიტანეს სახელმწიფო სტრუქტურებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სპორტსმენებმა, კოლეგებმა, ჟურნალისტებმა“, - განაცხადა ალექსი მამულიამ.
შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ 26 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი თავისუფლები არიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ალექსი მამულიას და ივანე ჯაფიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
მამულიამ და ჯაფიაშვილმა ოკუპირებული ცხინვალში უკანონო პატიმრობაში 27 დღე გაატარეს.