„სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საგრანტო განაცხადების მიღება კი 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
რაც შეეხება პროგრამას და მონაწილეობას, საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა და, ჯამში, 50-მდე პროექტი დაფინანსდება.
პროგრამაში მონაწილეობა კი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც 2 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.
პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში უნდა წარადგინონ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა; გორი, სამების ქ. N1; რუსთავი, ი. ცურტაველის ქ. N5ა; ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N1060; ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.