გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პირებიდან ორ მათგანს ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუტასტურდა.
ორივე პაციენტი საფრანგეთში მოგზაურობის ისტორიითაა. ინფიცირებულთაგან ერთი იუნკერია. იგი საქართველოში საფრანგეთიდან 16 მარტს დაბრუნდა და კარანტინში იმყოფებოდა.
რაც შეეხება მეორე პაციენტს, ახალგაზრდა ქალს, 20 მარტს დაბრუნდა საქართველოში ასევე საფრანგეთიდან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ გორის ჰოსპიტალის საკარანტინბო ზონაში იყო გადაყვანილი.
თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის თქმით, ამ ეტაპზე ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
,,ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში ამჟამად 57 პირია მოთავსებული, აქედან, 32 სამხედრო მოსამსახურეა, 25 კი - სამოქალაქო პირი. გუშინ 11 საეჭვო შემთხვევაზე გაიგზავნა ნიმუშები და ორი დადებითი პასუხი ჩამოვიდა. ორივე პაციენტი ახალგაზრდა ასაკისაა, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ორივე, საქართველოში ჩამოსვლის მომენტიდან იმყოფებოდა კარანტინში, შესაბამისად, სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონიათ“, - განაცხადა დავით ბარლიანმა.