აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე ვაშინგტონში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ საარჩევნო კამპანიის მთავარ დაპირებას შეასრულებს და შეზღუდვებს დააწესებს იმიგრაციაზე.
მედიის ინფორმაციით, ტრამპი, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის განხორციელების დაწყებას ინაუგურაციიდან მეორე დღესვე გეგმავს.
„ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა შეჩერდება. ხვალიდან ვიმოქმედებ ისტორიული სისწრაფით და გამოვასწორებ თითოეულ კრიზისს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას“, - განაცხადა ტრამპმა.
მედიის ვარაუდით, მასშტაბური დეპორტაცია, რომლის განხორციელებასაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გეგმავს, მილიონობით მიგრანტს დააზარალებს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია დღეს, აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართება.
ტრამპი ფიცს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე ბიბლიაზე დადებს.