ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევა 1-ელი იანვრიდან „შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესის“ შესაბამისად განხორციელდება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულების თანახმად, წვევამდელთა შერჩევა ელექტრონული სისტემის მიერ ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდება, რასაც ზემოთ აღნიშნული გაწვევის წესი არეგულირებს.
რაც შეეხება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პირობებს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევას ექვემდებარება 18-დან 27 წლამდე პირი, რომელიც იმყოფება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ აქვს გაწვევისგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევა ხორციელდება ყოველწლიურად, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ პერიოდში.
შემთხვევითი შერჩევა კი ხორციელდება ყოველი კალენდარული წლის31 იანვრამდე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
საკუთარი სურვილით გაწვევის მიზნით, წვევამდელს, ასევე, შეუძლია გამოთქვას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადები კი ასე განისაზღვრება:
საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 6 თვე;
დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვე;
უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახურისთვის− 11 თვე.
ცნობისთვის, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით გაწვეულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება 30%-ით მეტი ოდენობით მიეცემა.