საზოგადოება
14.01.2025 14:41
ჯემალ ინჯია 88 წლისაა - გორის მწერალთა სახლში პოეტის სახელობის კაბინეტი გაიხსნა

ცნობილი გორელი პოეტი ჯემალ ინჯია 88 წლის გახდა. პოეტი და მოქალაქე, შემოქმედი და მოქმედი – ორერთიანი, განუყოფელი მთლიანობა, რომელსაც მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული შემოქმედებითი და მორალურ-ზნეობრივი პოზიცია. ამიტომაც არის, რომ მისი ლექსი ერთი თემის, ერთი საგნის ჩარჩოებში ვერ ეტევა, მრავალთემატურია, მრავალწახნაგოვანია და, აქედან გამომდინარე, მისთვის პოეზია მყოფობს ყველგან და ყველაფერში, ყველასთვის და ყოველთვის, ანუ ისე, როგორც სინამდვილეშია- ასე აფასებენ ლიტერატურულ წრეებში თანამედროვე ავტორს, რომელიც 1937 წლის 14 იანვარს დაიბადა და ოთხი ათეული წელი სათავეში ედგა გორის მწერალთა სახლს.

„14 იანვარს, ძველით ახალ წელს, გორის მწერალთა სახლში ემოციური წუთებია - ადამიანი, ვინც 45 წლის წინ, მეგობარ მწერლებთან ერთად დააფუძნა მწერალთა სავანე (სადაც წლებია უამრავი კეთილი საქმე კეთდება), იუბილარია!

ვულოცავთ საოცარ პოეტს და პოეზიის რაინდს დაბადების დღეს. სულ ახლახანს მწერალთა სახლის ჭერქვეშ „ჯემალ ინჯიას კაბინეტი“ გაიხსნა - მიძღვნილი მისი დაბადებიდან 88 და მის მიერ მწერალთა სახლის დაარსებიდან 45 წლისთავთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ამ თავმდაბალ, დიდებულ პოეტს დაბადების დღეს და ვუსურვებთ დიდხანს გაეხარებინოს მკითხველი საოცარი წიგნებით მშვიდობიან და ძლიერ საქართველოში“, - აღნიშნა გორის მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა მარინა ჯალიაშვილმა.

კვირის ამბები