აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის პასიფიკ პალისეიდსის რაიონში ტყის ხანძარს 8 იანვრიდან ებრძვიან.
BBC-ის ინფორმაციით, ლოს-ანჯელესში მეხანძრეები ტყის ხანძრის სამ კერას ებრძვიან. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 24 ადამიანი, 23 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ხანძრის გამო 100 000-ზე მეტი ადამიანისთვის სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა.
ხანძრის გამო ასობით სახლი და სხვა ნაგებობა განადგურდა, მათ შორის ცნობილი მსახიობების: ჯეიმს ვუდსის, ბილი კრისტალის, კამერონ მატისონის, მაილზ ტელერის, ჯენიფერ ენისტონის, ბრედლი კუპერის, ტომ ჰენკსის საცხოვრებელი სახლები.
AccuWeather-ის შეფასებით, სტიქიისგან მიყენებული ზიანი და ეკონომიკური ზარალი რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს, ამასთან, ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის კრისტინ კროულის განცხადებით, მეხანძრეებს პრობლემები აქვთ წყლის წნევასთან დაკავშირებით.
ხანძრის პარალელურად, მოსახლეობის ევაკუაციის გამო მიტოვებული სახლების ძარცვის უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა (ძარცვის ბრალდებით დაკავებულია ოცი ადამიანი), რის გამოც პოლიციამ ლოს-ანჯელესის ოლქში, ძარცვის წინააღმდეგ საბრძოლველად, კომენდანტის საათი გამოაცხადა.