საზოგადოება
20.03.2020 16:26
როგორ დავამზადოთ ხელის სადეზინფექციო საშუალება სახლის პირობებში

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად, აფთიაქებსა თუ მაღაზიებში მცირდება ნიღბებისა და სადეზინფექციო საშუალებების რაოდენობა. რეკომენდაციების მიხედვით კი, ხელის დაბანა ერთ-ერთი აუცილებელი მეთოდია ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად. უფრო მეტიც, სადეზინფექციო საშუალების გასაყიდი ფასი საგრძნობლად გაიზარდა, რაც მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით აიხსნება.
GMnews-ი გასწავლით, როგორ შეგიძლიათ სახლის პირობებში ხელის სადეზინფექციო საშუალების დამზადება.
ხსნარის დასამზადებლად დაგჭირდებათ:
80 მლ. სამედიცინო სპირტი;
40 მლ. 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი;
15 მლ. გლიცერინი;
100 მლ. გამოხდილი ან გადადუღებული წყალი.
ეს ყველაფერი მოათავსეთ სპრეის ბოთლში ან თხევადი საპნის კონტეინერში და კარგად შეანჯღრიეთ.
გახსოვდეთ, არ გამოიყენოთ სამედიცინო სპირტი განუზავებლად ხელების დეზინფექციისთვის! 95 %-იანი ეთანოლი წარმოქმნის გარსს კანის ზედაპირზე, ვერ აღწევს ღრმად კანის შრეში და ფორებში, ამიტომ რეალურად ბაქტერია, ვირუსი, მიკრობი და ა. შ. ხელზე მხოლოდ დაფიქსირდება და ალკოჰოლის აორთქლების შემდეგ ისევ ორგანიზმში შეჭრის საფრთხე წარმოიქმნება. ეთანოლი მაქსიმალურად ღრმად აღწევს ფორებში და ეფექტი აქვს თუ 70 %-იანი კონცენტრაციით. 70 % ეთილის სპირტი, საკმაოდ ეფექტური ანტისეპტიკია რომელიც აქტიურად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
კვირის ამბები