ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რა დროსაც 5 მცირეწლოვანი დაიღუპა, საქართველოს მთავრობამ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
,,საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში 5 იანვარს გაჩენილ ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევის დროს, ბავშვების დედა საავადმყოფოს სტაციონარში იყო მოთავსებული და მეუღლე მის სანახავად იმყოფებოდა, ბავშვებთან ერთად კი სახლში ბებო იყო. ასაკოვან ქალბატონს, რომლის გადარჩენაც მოხერხდა, მესამე და მეორე ხარისხის დამწვრობები აღენიშნება, იგი სამკურნალოდ ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადმოყვანილი.