საზოგადოება
07.01.2025 12:55
უცხო ქვეყნების უმაღლესი დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 20 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია 20 იანვრის 18:00 საათამდე იწარმოებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მსურველები ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის საშუალებით დარეგისტრირდებიან, რომელიც ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„რეგისტრაციისას ყველა ველის შევსება სავალდებულოა. სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლების ატვირთვა.

განაცხადის წარმატებით ატვირთვის შემთხვევაში რეგისტრაციის მსურველი ცენტრისაგან მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა). გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ გამოცხადდა გამოცდაზე, არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება 20 იანვრის 18:00 საათამდე, აღნიშნული თანხა სრულად დაუბრუნდება. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, განაცხადების მიღების ვადები გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე“, - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება.

კვირის ამბები