ხვალ, 31 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გორში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. საახალწლო პროგრამა ქალაქის ცენტრალური მოედანზე, მთავარი ნაძვის ხის მიმდებარედ 18:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება აქტივობებს, 18:00 - 22:00 საათამდე დაგეგმილია საშობაო ბაზრობის, საბავშვო სივრცეების და საბავშვო სახელოსნოების მოწყობა.
ბავშვების განწყობაზე მოსიარულე ორკესტრი და ზღაპრის გმირები იზრუნებენ, გაიმართება სახალისო თამაშები, ასევე, პატარებს შესაძლებლობა ექნებათ, დაამზადონ ნაძვის ხის სათამაშოები, ხელნაკეთი ნივთები, მოხატონ საახალწლო ორცხობილები, შეხვდნენ თოვლის ბაბუას და მიიღონ საჩუქრები. მოეწყობა კვების და ცხელი სასმელების კუთხეებიც.
საახალწლო კონცერტი კი 22:00 საათზე დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას სალომე ბაკურაძე, არჩილ ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე, მარიკო ებრალიძე, მასტერი, გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი, გორის ვაჟთა ვოლაკური ანსამბლი და ანსამბლი „აფხაზეთი“ მიიღებენ.
კონცერტის დასრულების შემდეგ, 00:00 საათზე, დაგეგმილია საზეიმო ფოიერვერკი.