დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 600-მდე ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.
აღნიშნული გადაწყვეტილება, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად მიიღო.
უწყების ინფორმაციით, ზემოაღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით, სააგენტომ დევნილი ოჯახების მონიტორინგი განახორციელა და მათი საცხოვრებელი პირობები ადგილზე შეისწავლა. კომისიამ, თითოეული ოჯახის განსახლების საკითხი მინისტრის ბრძანების შესაბამისად განიხილა.
„აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე - IDP. MOH. GOV. GE გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რომ სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება. მიმდინარე წელს სააგენტომ ახალი საცხოვრებელი 1400-მდე დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. ჯამში, პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 266 მილიონ ლარამდე გაიხარჯა, მხოლოდ 2024 წელს კი - 35 მილიონ ლარზე მეტი. პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება. 2025 წლის ბიუჯეტში სოფლად სახლების შესყიდვისთვის 65 მილიონი ლარი გამოიყოფა“, - აცხადებენ სააგენტოში.