სარფის, ლარსის და წითელი ხიდის გამშვებ პუნქტებთან საკარანტინე ზონები მოეწყობა, სადაც ის მოქალაქეები განთავსდებიან, რომლებიც ქვეყნის საზღვარს გადმოკვეთენ. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა რომ, პრემიერის დავალებით, ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, სავალდებულო კარანტინში გადავა.
„დღეს გაიმართა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიარეთ ყველა ის დეტალი, რომელიც ამ ვითარებაში არის მნიშვნელოვანი. გამოიკვეთა რამდენიმე ახალი საჭიროება. მაგალითად, გაიზარდა ნაკადი ჩვენი მოქალაქეების სახმელეთო ზონებიდან შემოსვლისა, ეს არის სარფი, ლარსი და წითელი ხიდი, რისთვისაც ჩვენ მივიღეთ პრემიერისგან დავალება, რომ სასწრაფოდ მობილიზებული იქნას ამ სამ ობიექტზე საკარანტინე ზონები. დღევანდელი გადაწყვეტილება არის ასევე, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც დღეიდან საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, განთავსებული იქნება აუცილებლად საკარანტინე ზონაში, ვინაიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დანარჩენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ მოქალაქეზე ზრუნვა, რომელიც დღესდღეობით იმყოფება საქართველოს საზღვრებს გარეთ“, - განაცხადა მინისტრმა.