საზოგადოება
27.12.2024 13:01
მომსახურების სააგენტო 1-12 იანვარს ისვენებს, გადაუვადდებათ თუ არა აღნიშნულ პერიოდში დაჯავშნილი სერვისების მიღება მოქალაქეებს

2025 წლის 1-ელი იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო არ იმუშავებს, ხოლო 13 იანვრიდან სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით უწევდათ, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა 2025 წლის 13 იანვრიდან მიეცემათ.

რაც შეეხება სხვა სერვისებს, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასვლას კანდიდატები 2025 წლის 13 იანვრიდან შეძლებენ.

იმ პირებს კი, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა  13 იანვრის ჩათვლით გაუხანგრძლივდებათ.

ის მოქალაქეები, რომლებიც 2024 წლის 30-31 დეკემბერს დააფიქსირებენ ცნობის მისაღებად განაცხადს, ასევე, მოითხოვენ ცნობის თარგმნა/დამოწმებას (დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის გარდა), დამზადებულ დოკუმენტს  13 იანვრიდან მიიღებენ.

ისინი კი, ვისაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად  13 იანვარი განესაზღვრებათ.

 

კვირის ამბები