გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მიმდებარედ. მდინარე მტკვრის კალაპოტიდან ორი მოქალაქე გასაბერი ნავის და ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 9 კგ.-ზე მეტი ხრამულის სახეობის თევზი.
რუსთავში, მდინარე მტკვარზე ორი მოქალაქე უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, თევზჭერის ელექტროიარაღის საშუალებით ახდენდა. მათ უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 15 კგ., ხრამულის სახეობის თევზი. ფაქტის აღკვეთისას, დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომელს, ერთ-ერთმა ბრაკონიერმა ნიჩბით თავის არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის - უკანონო თევზჭერის გარდა, ძალადობის მუხლითაც დაიწყო.
უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს კახეთშიც, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე. სამართალდამრღვევს, თევზჭერის ელექტროიარაღის გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ხრამულის სახეობის 4 კგ. თევზი.
„ვინაიდან აღნიშნული ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რომ დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერის და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.