ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, საბანკო და საფოსტო გზავნილების ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურებისა, უნდა დაიხუროს, - განცხადება აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც, ასევე, იმ გადაწყვეტილებების შესახებ გაჟღერდა, რაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებმა მიიღეს.
პრემიერის თქმით, ახლა უკვე კორონავირუსის გავრცელების ეტაპზე გადავდივართ და დამატებითი ღონისძიებების გამკაცრების საჭიროება დგას, თუმცა, დღეის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს.
„დღეის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, პრეზიდენტთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათში ამ გადაწყვეტილების მიღებას და უმალვე აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ და როგორც კი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა გახარიამ.