საქართველოში COVID-19 დღითიდღე ვრცელდება და ამასთან ერთად იზრდება მასობრივი ტესტირების საჭიროება, რისთვისაც აუცილებელია სწრაფი ტესტები.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს ჩინეთსა და კორეასთან აწარმოებს.
„ძალიან ბევრი მომწოდებელია დღეს ბაზარზე, თუმცა, ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ტესტების ხარისხის შემოწმება“ - განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებითვე, ამჟამად ტესტირება უტარდებათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც მწვავე რესპირაციული ინფექციის რომელიმე კლინიკური ნიშანი აქვთ და, ასევე, ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ან შეხება ჰქონდათ მაღალი რისკის ქვეყნებთან. მასობრივი ტესტირების დაწყება კი ნიშნავს იმას, რომ მეორე პირობა მოიხსნება და ყველა პირს, ვისაც ექნება რესპირაციული ინფექციის კლინიკური სიმპტომები, მაღალი რისკის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიის ან დადასტურებულ ავადმყოფებთან კონტაქტის გარეშეც ჩაუტარდებათ ტესტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა.