საქარღველოს პარლამენტში პრეზიდენტის არჩევის პროცედურა დასრულდა. 300 წევრისგან შემდგარმა კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. კოლეგიიდან, ყაველაშვილის სასარგებლოდ ხმა 224-მა ხმოსანმა მისცა. პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას.
არჩევნები ცესკომ ჩაატარა. მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმები შეაჯამა, პლენარული სხდომის დარბაზში შეკრებილ საარჩევნო კომისიის წევრებს შედეგები ცესკოს თავმჯდომარემ გააცნო.
„პროცესი კანონმდებლობის სრული ნორმათა დაცვით განხორციელდა, ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე ნაწილში, რომელიმე აქტივობაში კანონი დაირღვა. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია ასეთი შეფასებები. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს და პოლიტიკურ პროცესს, რა თქმა უნდა, ეს საარჩევნო ადმინისტრაციის შეფასების საგანს არ წარმოადგენს და მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ ჩართული მხარეების, სხვადასხვა მხარეების შეფასებები სხვადასხვა არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, შევაფასო. ჩვენთვის სახელმძღვანელოა, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვა ჩართული მხარეების დოკუმენტები, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია, ეუთო/ოდირის დასკვნა, ისევე როგორც ამერიკული, თუ ევროპული ინსტიტუტების მიერ დაწერილი დასკვნები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებთან და შემდეგ განვითარებულ პროცესებთან მიმართებაში ცალსახად საუბრობს იმაზე - წინასწარ შეფასებები მაქვს მხედველობაში, სადაც არჩევნების ტექნიკურად გამართულობაზე და კარგად ადმინისტრირებაზე არის საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ წუხილებზე და გარკვეულ რეკომენდაციებზეა საუბარი, ეს არ არის ის ნაწილი, რომელსაც შეეძლო რამე გავლენა მოეხდინა, ან რამე სისტემურ გადაცდომაზე ესაუბრა. როცა გარკვეული ტიპის შეფასებებს აკეთებენ, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, რამე მტკიცებულება, ფაქტი უნდა არსებობდეს და არა ვარაუდები, დეზინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს, არჩევნების მანიპულაცია განხორციელდა“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
საქართველოში დღეს ისტორიული დღეა,სრულად ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს.
დღეს საარჩევნო კოლეგიამ პარლამენტის სასახლეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი აირჩია. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი შეასრულებს პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილებებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
,,ქართული პოლიტიკა სავსეა ავანტიურისტი პოლიტიკოსებით, რომლებიც ყოველ ჯერზე მზად არიან გავიდნენ საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნების რეალიზებისათვის, რომლის უკანაც ვისი უხილავი ხელი იმალება, საზოგადოებისათვის სამარჩიელოდ რჩება.
ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ამგვარი ფორმები არღვევს ქვეყანაში სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლებს. სწორედ ამიტომ იქნება ახლადარჩეული პრეზიდენტის უმთავრესი ამოცანა მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების პირუთვნელად, ღირსეულად და პასუხისმგებლობის სრული გააზრებით აღსრულება.
მთავარი, რაც მინდა მიხეილ ყაველაშვილს მისი პრეზიდენტობისას ვუსურვო, არის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ერთგულება. ეს არის ერთადერთი შეუმცდარი გზა ნებისმიერი ხელისუფალისთვის“, - აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.
საქართველოს მთავრობის მეთაური კი იმედს გამოთქვამს, რომ ყაველაშვილის არჩევა ამ პრეზიდენტის თანამდებობაზე, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში.
„მინდა, მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში, ასევე ქვეყანაში რადიკალიზმის შემცირებასა და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებაში.
20 წელიწადზე მეტია, საქართველოს არ ჰყოლია პატრიოტი და ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი. ამ კუთხით მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტის ინსტიტუტის მთავარი მისია არის ზრუნვა ქვეყნისა და საზოგადოების გაერთიანებაზე და თქვენ იცით, რომ ამ წლების განმავლობაში, გარე ძალები პრეზიდენტის ინსტიტუტს სწორედ რომ საზოგადოების გასახლეჩად იყენებდნენ. ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენებოდა იმისათვის, რომ ხელოვნურად დაესუსტებინათ ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი, ამისთვის სისტემატურად და სისტემურად ირღვეოდა პრეზიდენტის გამოყენებით საქართველოს კონსტიტუცია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციას, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ისევე, როგორც საპარლამენტო მუშაობაზე აცხადებენ უარს, არც პრეზიდენტის არჩევნებში მიუღიათ მონაწილეობა.
,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ყაველაშვილის არჩევა არალეგიტიმურია.
„ყაველაშვილი ვერანაირ ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს საქართველოს მოქალაქეებისგან. რეჟიმი უნდა დაემხოს და ამ რეჟიმის დამხობის შემდეგ გვექნება საშუალება, რომ ქვეყანა განვითარდეს, ისე როგორიც საზოგადოების მოლოდინია. ლეგიტიმაციაზე საუბარი ზედმეტია, მთავარია პროტესტი გაგრძელდეს და მობილიზებულები ვიყოთ, როგორც ამ დღეების განმავლობაში“, - განაცხადა დეკანოიძემ.მამუკა ხაზარაძის განცხადებით კი, ,,არალეგიტიმური ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნა, კანონგარეშეა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა“.
შეგახსენებთ, საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს.