საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ოფიციალურ-საქმიანი დოკუმენტების მართლწერის გზამკვლევი შექმნა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, გზამკვლევი მარტივად აღსაქმელია და განკუთვნილია მათთვის, ვინც საქმიან დოკუმენტებთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. მასში წარმოდგენილი მაგალითები და რეკომენდაციები კი ხელს შეუწყობს მომხმარებელს, თავი აარიდოს ტიპურ შეცდომებს და შექმნას ენობრივად გამართული, დახვეწილი დოკუმენტები.
„მისი გამოყენება არა მხოლოდ ტექსტის სიზუსტეს და გამართულობას უზრუნველყოფს, არამედ ხელს უწყობს ქართული ენის სტანდარტების დაცვას და პოპულარიზაციას.
გზამკვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო თუ კერძო სექტორში დასაქმებულ პირებს ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მარტივად გაგებასა და პრაქტიკაში გამოყენებაში. გზამკვლევის გაცნობა კი შესაძლებელია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე: shorturl. at/ 8ZKH9“, - აცხადებენ სასწავლო ცენტრში.
ცნობისთვის, იუსტიციის სასწავლო ცენტრი მონაწილეობს სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) სამოქმედო გეგმაში და 2022 წელს ენობრივად გააანალიზა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შექმნილი ოფიციალური დოკუმენტები. კვლევის მიზანი იყო დოკუმენტებში დაშვებული ტიპობრივი შეცდომების გამოვლენა, მათი კლასიფიკაცია და რეკომენდაციების შემუშავება.
ქართული ენის დაცვისა და განვითარებისთვის 2015 წლიდან ცენტრი ეროვნულ უმცირესობებს ქართულ ენას უფასოდ ასწავლის, ხოლო 2024 წელს შექმნა ქართული ენის უფასო ონლაინ კურსი, რომელსაც უკვე 450-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ამასთან, ცენტრმა შეიმუშავა ქართულის, როგორც უცხო ენის, პირველი სტანდარტიზებული ტესტი, რაც ქართული ენის სწავლების და შეფასების სისტემის გაძლიერებას ემსახურება.