საზოგადოება
11.12.2024 13:48
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტზე, ექსპორტზე, რეალიზაციასა და წარმოებაზე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება თანმდევ კანონპროექტებთან ერთად განიხილა და მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით დარეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, რეალიზაცია და წარმოება.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.

„წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს“ ემატება ახალი ნორმა, რომლითაც რეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსება. ცვლილების თანახმად, იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს შსს-ს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფოს რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო. ამასთან, პიროტექნიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნაზე ზედამხედველობას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო“, - განაცხადა საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთმა ინიციატორმა რატი იონათამიშვილმა.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ცალკეული კატეგორიის პიროტექნიკის შეძენისა და გამოყენების უფლებამოსილება ექნება მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირს, ხოლო ცოდნის დადასტურების სერტიფიკატს გასცემს აღნიშნული სააგენტო.

გარდამავალი დებულებების თანახმად, 2025 წლის 1-ელ თებერვლამდე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტისა და პიროტექნიკის ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის მიზნით ნებართვა/ ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებას.

ამასთან, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო პაკეტს, მისი შემდგომი განხილვის დროს, დაემატება აქციებზე ნიღბებისა და ლაზერის გამოყენების ამკრძალავი რეგულაციები.

კვირის ამბები