მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ სტაციონარულ სამედიცინო სერვისებზე პაციენტს, სურვილის შემთხვევაში, თანაგადახდის შესაძლებლობა ექნება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მიზანი პროგრამიდან ბენეფიციართა ერთჯერადად გასვლის წილის შემცირება და მათი ფინანსური დაცულობის უზრუნველყოფაა.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობის პარალელურად, პაციენტს ცვლილება ექიმის, ექთნის, ე.წ. ვიპ პალატის, სამედიცინო ჩარევისას გამოსაყენებელი სახარჯი მასალების არჩევის და თანაგადახდის საშუალებას მისცემს.
„თანაგადახდის პირობებსა და პროცედურებთან ერთად, საკანონმდებლო დონზე იქნება უზრუნველყოფილი პაციენტის არჩევანის დაცულობა და შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა ზოგადი წესის შესაბამისად. ისარგებლოს, ასევე, თანაგადახდის მექანიზმით პროგრამიდან გასვლის გარეშე, როდესაც ზღვრული ოდენობის ფარგლებში, მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას და თანაგადახდით, მისი არჩევანის შესაბამისად, მხოლოდ სასურველი ექიმის, ექთნის, ე.წ. ვიპ პალატის, თუ სამედიცინო ჩარევისას გამოსაყენებელი სახარჯი მასალების შესაბამის საფასურის გადაიხდის.
გარდა ამისა, მინისტრს ექნება უფლებამოსილება ნორმატიული აქტით განსაზღვროს, ცალკეულ მომსახურებაზე, პაციენტის მხრიდან დამატებითი თანხის გადახდის პირობები.
სამედიცინო მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების რეფორმის ამოქმედების დღიდან, ხორციელდება მისი მონიტორინგი ანალიზი, რომელთა შედეგების შეჯამებითაც იქნა მიღებული ცვლილების ამოქმედების გადაწყვეტილებაც “, - აცხადებენ უწყებაში.
თანაგადახდის წილის ამოქმედების შესახებ ცვლილების დადგენილება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება, უშუალოდ სიახლით კი, ბენეფიციარები, მინისტრის ნორმატიული აქტების და დადგენილებების დამტკიცების შემდეგ ისარგებლებენ.