გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, საქართველოში 10 დეკემბერს მეგზევის დღე აღინიშნება.
პროფესიული თარიღი გზების მშენებლობის სფეროში დასაქმებულ პირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მიულოცა და ნაყოფიერი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ 2024 წელი გამორჩეული იყო მიღწევებითა და შედეგებით.
„თითოეულ პროფესიონალს, რომელიც ჩართულია ჩვენი ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მინდა, მივულოცო პროფესიული - მეგზევის დღე, რომელიც რამდენიმე ათეული წელია აღინიშნება და სხვადასხვა პროფესიის ადამიანს - ინჟინრებს, მშენებლებს, იურისტებს, ეკონომისტებს, ფინანსისტებს აერთიანებს. მათი დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ მიმდინარე წელს საქართველოს საერთაშორისო მაგისტრალური გზების განვითარების 6 მნიშვნელოვანი პროექტი დავასრულეთ.
წელს გაიჭრა საქართველოში ყველაზე გრძელი ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი, გავხსენით ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, წნორის შემოვლითი 18 კმ-იანი, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი და ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზები. საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტისთვის გახსნილია რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ, რომელიც უკვე 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და სულ მცირე ანახევრებს მგზავრობის დროს.
საქართველოს საერთაშორისო საგზაო დერეფნების განვითარება აქტიურად გრძელდება და დღეისთვის, ქვეყნის ტეროტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 367 კმ მაგისტრალური გზით. გრძელდება ახალი მონაკვეთების განვითარება და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. 2024 წელს, ქვეყნის მასშტაბით, გზების რეაბილიტაციის 149 პროექტის ფარგლებში, 1100 კმ გზაზე მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, საიდანაც წლის ბოლომდე, 101 პროექტის ფარგლებში, დასრულდება 450 კმ გზის რეაბილიტაცია“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა, გაწეული საქმიანობისთვის, ასევე, მადლობა გადაუხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს, კონტრაქტორ ორგანიზაციებს, ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებს, პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს.