საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო მკაცრდება ზომები და შეზღუდვები. აღნიშნული შეზღუდვები რეგიონებსაც ეხება.
გორის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ ხვალიდან, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებშიც, დროებით შეჩერდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
,,როგორც იცით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, ღონისძიებები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, თუმცა, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები არ ემორჩილებიან ამ შეზღუდვებს და არ ითვალისწინებენ რეკომენდაციებს.
ერთ-ერთი შეზღუდვა ეხება საზოგადოებრივი სარგებლობის ტრანსპორტს. მოგეხსენებათ, გორს მუნიციპალური ტრანსპორტი არ ჰყავს, შესაბამისად, კერძო კომპანიებს ორი დღის წინ მივეცით რეკომენდაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარკვეული რაოდენობის შეზღუდვაზე, დღეს კი, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მკაცრდება ზომები და შეზღუდვები. შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კერძო საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელებს მივეცით რეკომენდაცია, რომ ხვალიდან, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებშიც, დროებით შეაჩერონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის - მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობა“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.