საზოგადოება
10.12.2024 14:15
დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი - სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს დადანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი.

სუსი მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ.

,,მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დანაშაულებრივი გეგმის მონაწილე ან მსხვერპლი. ამასთან, პირადი უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში, შეეცადონ ნებისმიერი საეჭვო ვითარება თუ პროვოკაციის მცდელობა დააფიქსირონ მათ ხელთ არსებული სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს“, - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, ნებისმიერი საეჭვო ვითარება თუ პროვოკაციის მცდელობა დააფიქსირონ მათ ხელთ არსებული სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

 

„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე დაწყებულ საქმეზე, გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები წარსულში არაერთხელ გავუზიარეთ საზოგადოებას.

გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციების საპროტესტო მუხტის კლებისთანავე, აქტიურდება დანაშაულებრივი გეგმის განმახორციელებელ ადგილობრივ აქტორთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა მიზანია მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა, რაც მათი აზრით, გამოყენებულ უნდა იქნეს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის. აღნიშნულის ნათელი დასტურია, მილევადი საპროტესტო მუხტის პარალელურად, საგულდაგულოდ შენიღბული პირების მიერ სამართალდამცავებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე გახშირებული ძალადობრივი აქტები, როგორც საპროტესტო ლოკაციებზე, ისე მის მიღმა. განსაკუთრებით საყურადღებოა ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა, რაც ჩვენს მიერ განიხილება აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის ერთ-ერთ სავარაუდო ეპიზოდად, რომელიც საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა. მიმდინარე საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. აქვე ვაცხადებთ მზადყოფნას აღნიშნულ სამსახურთან აქტიური თანამშრომლობის შესახებ, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა.

მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს. ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც მათი განზრახვით უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაბრალდეს ხელისუფლებას.

აღნიშნული პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით. არსებული გეგმა ვითარდება ე.წ. „ფერადი რევოლუციებისთვის“ დამახასიათებელი აპრობირებული სცენარებით, მათ შორის, სხვადასხვა რიტუალური სცენებითა და ეტაპობრივი დესტრუქციით, რომლის კულმინაციას წარმოადგენს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს მოვლენათა ესკალაციას.

აღნიშნულს ადასტურებს, ბოლო დღეებში, სახეშენიღბული დესტრუქციული ჯგუფების მიერ გარე მეთვალყურეობის კამერების დაზიანების ფაქტები, როგორც პროტესტის არეალში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, გართულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დანაშაულებრივი გეგმის მონაწილე ან მსხვერპლი. ამასთან, პირადი უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში, შეეცადონ ნებისმიერი საეჭვო ვითარება თუ პროვოკაციის მცდელობა დააფიქსირონ მათ ხელთ არსებული სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

კვირის ამბები