სამართალი
09.12.2024 23:46
ბათუმში, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 2 პირი პოლიციამ შიდა ქართლის ტერიტორიაზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციისა და შიდა ქართლი პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1986 წელს დაბადებული ი.ჯ და 1985 წელს დაბადებული ბ. თ.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ბათუმში, შურისძიების მოტივით, დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენეს უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს: 2000 წელს დაბადებული ფ.თ., -ს, 1997 წელს დაბადებული ვ.დ. -ს , 2004 წელს დაბადებული ჩ.ჩ -ს და 2005 წელს დაბადებულ ა.ს. - ს., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მიღებული ჭრილობების შედეგად, სამი პირი ადგილზე, ხოლო ერთ-ერთი მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის შიდა ქართლის მონაკვეთზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სამი ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულის შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები