საქართველოს მთავრობა საჯარო და კერძო სექტორს მიმართავს და მოუწოდებს, მაქსიმალურად შეიზრუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებიც სამუშაო ადგილებზე გამოცხადდებიან.
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო ვირუსის გავრცელების ფაზაში გადადის და მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდა.
,,საჯარო სექტორს მიეცა დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა გამოცხადება იქნება აუცილებელი სამუშაო ადგილზე და გადავიდეთ მაქსიმალურად დისტანცირებულ მუშაობაზე და აბსოლუტურად მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთაც მოუწევთ გადაადგილება, რომლებსაც მოუწევთ მისვლა სამსახურში. ანალოგიური რეკომენდაციაა გაცემული კერძო სექტორისათვის, რომ მათ მაქსიმალურად შეზღუდონ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს გამოცხადება.
სამწუხაროდ, ჩვენ უკვე გადავდივართ ვირუსის გავრცელების ფაზაში, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ გაიზრდება ადამიანთა რიცხვი, ვინც არის კორონავირუსით დაინფიცირებული. ჩვენ და ჩვენი სამედიცინო სექტორი მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შეკავება მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსალოდნელია საქართველოში დაავადებული ადამიანების რიცხვის ზრდა.
როგორც იცით, უკვე რამდენიმე კვირაა, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ღონისძიებები არის საჯაროდ აღიარებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან, რომლებიც ამ სფეროში არიან. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ფაქტები, როცა ამ გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებიან ჩვენი თანამოქლაქეები, რაც კიდევ უფრო მეტ საფრთხეს ქმნის თითოეული მათგანის და სხვებისთვის. აუცილებელია, დავექვემდებაროთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არის გამოქვეყნებული. დავიცვათ მაქსიმალური სოციალური დისტანცირება, დავრჩეთ სახლში, რათა ყველა ერთად მოვერიოთ კორონავირუსს. მინდა გითხრათ, რომ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.