საზოგადოება
19.03.2020 15:12
საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის განმარტებით, დეტალურ ინფორმაციას საქართველოს საკონსულოები და საელჩოები აღრიცხავენ.

„ჩვენი საკონსულოები და საელჩოები უწყვეტ რეჟიმში აღრიცხავენ ადგილზე არსებულ ინფორმაციას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ეფუძნება მხოლოდ იმ მონაცემებს, რაც ჩვენს საელჩოებსა თუ საკონსულოებში დაფიქსირდა სატელეფონო ზარის თუ სხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით. გვაქვს რამდენიმე შემთხვევა საბერძნეში, ასევე, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში. ყველა ეს ადამიანი არის თვითიზოლირებული. ყველა მათგანს ეტაპობრივად დავაკავშირებთ დაავადების კონტროლის ცენტრთან, რომ ჩვენი სპეციალისტებისგან მიიღონ შესაბამისი რეკომენდაციები კონკრეტული შემხვევებიდან გამომდინარე“, - განაცხადა დავით ზალკანიანმა.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს დაინფიცირებული მოქალაქეების ზუსტი ციფრის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კვირის ამბები