მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება - მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ აღადგინონ სასწავლო პროცესები და გააგრძელონ მათი მხრიდან საკუთარი ვალდებულების შესრულება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკა არც მათი და არც ოპონენტების მხრიდან არ უნდა შევიდეს.
„ჩემთვის, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის, მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება. ჩვენ, როგორც საჯარო მოხელეებმა, უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სასწავლო პროცესი ყველგან შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს, სწორედ ამას ითვალისწინებს ავტორიზაციის პრინციპებიც. შესაბამისად, ყველა სკოლა თუ უნივერსიტეტი უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს.
სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა. პირადად მე ვთვლი, რომ სასწავლო პროცესის მიზანმიმართული შეფერხება საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევაა. ეს არ იქნება ჩვენი მხრიდან მოწონებული, პირიქით, მათ დაუყოვნებლივ უნდა აღადგინონ სასწავლო პროცესი და განაგრძონ ვალდებულებების შესრულება“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.