საზოგადოება
02.12.2024 13:01
ახალგაზრდების ერთი ჯგუფი გორში სკოლების მოსწავლეებს გაკვეთილების ჩაშლისკენ და აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს

ამ წუთებში, გორის ცენტრში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის წინ, მოსწავლე-ახალგაზრდების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკრებულოს შენობასთან შეკრებამდე, ათამდე ახალგაზრდა ტრანსფარანტებით გორის მესამე საჯარო სკოლასთან მივიდა და მოსწავლეებს რუპორის საშუალებით მოუწოდა, რომ სასწავლო პროცესი შეეწყვიტათ და აქციას შეერთებოდნენ. მომიტინგეებთან სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი გამოვიდა და მოუწოდა, დაეტოვებინათ სკოლის მიმდებარე ტერიტორია და ხელი არ შეეშალათ სასწავლო პროცესისთვის.

„ვიმყოფებოდით რამდენიმე სკოლასთან, სკოლის მოსწავლეების მხრიდან სურვილი იყო დიდი, რომ დაეტოვებინათ გაკვეთილები და ჩვენთან ერთად დამდგარიყვნენ, თუმცა, გვითხრეს, რომ სკოლის დირექტორმა მათ ამის საშუალება არ მისცა და ჩაკეტილები არიან. ბავშვები ფანჯრებიდან იყურებოდნენ, მხარს გვიჭერდნენ და გვეძახდნენ, რომ სკოლიდან ვერ გამოდიოდნენ. რაც შეეხება სხვა სკოლებს, იქ მათ მასწავლებლებმა არ მისცეს გამოსვლის საშუალება. პირველ საათზე დასრულდება გაკვეთილები და მეგობრები, რომლებიც სკოლიდან ვერ გამოვიდნენ დღეს, მოვლენ ჩვენთან, ხოლო შემდეგ, ხუთ საათზე მოხდება მასშტაბური აქცია რომელშიც ჩავერთვებით სკოლის მოსწავლეებთან ერთად“, - განაცხადა გორის მეცხრე საჯარო სკოლის მოსწავლემ ლაშა-გიორგი შავარდენიძემ.

„არც ერთი მოსწავლე ჩაკეტილი არ არის, სკოლა არ არის ციხე რომ ჩამეკეტა. საგაკვეთილო პროცესში მოსწავლე უნდა იყოს გაკვეთილზე და აქციის ორგანიზატორების მხრიდან არასრულწლოვნით მანიპულირება არ შეიძლება“ - აღნიშნა მედიასთან მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა ვახტანგ სუხიტაშვილმა.

კვირის ამბები