საზოგადოება
19.03.2020 14:26
ერთ-ერთი პაციენტი 80 წელს გადაცილებულია, რომელსაც მძიმე თანმხლები დაავადებაც აქვს - ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტიდან ერთ-ერთი 80 წელს გადაცილებული მოქალაქეა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი განმარტავს, პაციენტს აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით, რამაც შეიძლება მდგომარეობის დამძიმება გამოიწვიოს.

„ერთ-ერთი პაციენტი არის 80 წელს გადაცილებული და აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს და პროგნოზი გახდეს არაკეთილსაიმედო“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პაციენტი ერთ-ერთ ინფიცირებულთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დღესვე, ცნობილი გახდა, რომ ესპანეთში, კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესაებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჩიქოვანის ინფორმაციით, 74 წლის ქალი სხვა ქრონიკული დაავადებების მატარებელიც იყო.

კვირის ამბები