საზოგადოება
28.11.2024 15:15
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს XI მოწვევის პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განახლებულ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

 

ნდობის გამოცხადებამდე პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი კობახიძემ გააცნო დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა.

როგორც კობახიძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.

,,მთელი ამ წლების განმავლობაში, 2012 წლიდან მოყოლებული, არაღიარების პოლიტიკა იყო ძალიან წარმატებული. რა თქმა უნდა, ამაზე ზრუნვაც გაგრძელდება. როცა საქმე ექნება საქართველო - რუსეთის ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება პრაგმატული პოლიტიკა. პრაგმატული პოლიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები. საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება დარჩება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს „წითელი ხაზები“, ეს არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციასთან. ჩვენ გაქვს ჩვენი მისწრაფებები და ეს „წითელი ხაზები“ ბოლომდე იქნება დაცული. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ პრაგმატულ პოლიტიკას. ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანები არის სიღარიბის დაძლევა და მეორე უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. ამ მიზნის მიღწევა დამოკიდებულია გლობალურ ტენდენციებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველ ამოცანასთან ერთად, ეს ამოცანაც იქნება სათანადოდ გადაჭრილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღნიშნულის გარდა, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სამთავრობო პროგრამა ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე.

,,ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ, მაგალითად, თუ მივიღებთ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, მეორე დილით ვიღვიძებთ ჩელიაბინსკში. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ ამ კანონს, საქართველოში ძაღლს ერქმევა ,,საბაკა“, იგივე მიმართულებით, არიან ადამიანები, რომელთაც ჰგონიათ, რომ თუ ევროკავშირში მოლაპარაკებები გაიხსნება, ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში. არა თბილისში, საქართველოში, არამედ გავიღვიძებთ ბრიუსელში და ძაღლს ერქმევა არა ძაღლი, არამედ, მაგალითად, ,,დოგ“ ან რაიმე ამგვარი.

რაც არ უნდა მოხდეს, გარწმუნებთ, რომ ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში, ვიზრუნებთ ამ ქვეყანაზე და ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი, ადამიანს ადამიანი, ამ ქვეყანას ერქმევა ქვეყანა და ამ სახელმწიფოს ერქმევა სახელმწიფო. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე.

აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი საზრუნავი, პირველ რიგში, არის ჩვენი ქვეყანა, სამშობლო, საქართველო და პროგრამას, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, სწორედ ეს შინაარსი აქვს“, - განაცხადა კობახიძემ. 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მთავრობის მიზანია მშვიდობის მყარად შენარჩუნება, ღირსებით საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, მათ შორის, ღირსებით ევროკავშირში წევრობის მოპოვება.

„ჩვენი საარჩევნო სლოგანი გახლდათ ,,მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ!“, -  ესაა ჩვენი სამთავრობო პროგრამის სათაურიც. ჩვენი მიზანია მშვიდობის მყარად შენარჩუნება, ღირსებით საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, მათ შორის, ღირსებით ევროკავშირში წევრობის მოპოვება და ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაუმჯობესება. ღირსება არის უპირველესი და ღირსება არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ამოცანაა, როგორც ეს ჩვენი სლოგანიდანაც იკითხება, არის სვლა ევროკავშირისკენ, ეს იქნება რთული გზა, ჩვენ წინ გვაქვს დაახლოებით 6 წელი. ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება. ევროკავშირს აქვს თავისი პირობები. ეს ჩვენ თავიდან ბოლომდე უნდა გავითვალისწინოთ. ბუნებრივია, მზად ვართ, დავიცვათ და გავითვალისწინოთ ყველა ის პირობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ აქ გადის გარკვეული ზღვარი, რაც ღირსებას უკავშირდება. ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ის, რომ პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას. როდესაც მშვიდობით ევროპისკენ სვლაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ევროკავშირმა უნდა დაგვიმტკიცოს ის, რომ მისთვისაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მშვიდობით ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ. როდესაც საუბარია ღირსებით ევროკავშირისკენ სვლაზე, აქაც მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები, ტრადიციული ფასეულობები, ამიტომ, ევროკავშირს აქაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან და როდესაც საუბარია კეთილდღეობით ევროკავშირისკენ სვლაზე - მინდა, შეგახსენოთ, რომ კონკრეტული ადამიანები არასწორი მიმართულებით ცდილობდნენ საზოგადოების აზრის წარმართვას. ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს ჯერ უნდა გახდე ევროკავშირის წევრი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მიიღო კეთილდღეობა. სინამდვილეში, ეს სიცრუეა. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა. ჯერ უნდა მიაღწიო კეთილდღეობის გარკვეულ დონეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიგიღებენ ევროკავშირში. აქაც უნდა გვაჩვენოს ევროკავშირმა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება მისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია. ამაზე კონკრეტული მიზეზების გამო ვსაუბრობ. თქვენ რამდენიმე თვის წინ იხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც ისინი ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც, ბუნებრივია, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. უნდა დავინახოთ მომავალში, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება და რომ ევროკავშირის ბიუროკრატების, პოლიტიკოსების მიზანია, ქვეყანა განვითარდეს ეკონომიკურად, ქვეყანას ჰქონდეს მუდმივი წინსვლა, მშვიდობა და ქვეყანამ ღირსებით იაროს ევროკავშირისკენ. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას.

კვირის ამბები