საზოგადოება
26.11.2024 14:07
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, დილის 9 საათზე დაინიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილების  დადგენილების პროექტი, რომელიც პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა, დეპუტატებმა 85 ხმით დაამტკიცეს.

პრეზიდენტის არჩევის შემდგომ კი, არჩევნების მესამე კვირა დღეს, 29 დეკემბერს გაიმართება ინაუგურაცია.

როგორც სესიაზე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, საქართველოში პირველად, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა და მას საარჩევნო კოლეგია 5 წლის ვადით აირჩევს.

,,პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება. ამ სამასი წევრიდან 150 არის პარლამენტის წევრი, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობით, ანუ 21 წევრი. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი და დარჩენილი 109 წევრი დაკომპლექტდება საკრებულოების წევრებისგან იმ პროპორციულობითა და თანაფარდობით, რომელიც დადგა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად. შესაბამისად, ეს კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება საქართველოს პარლამენტის შენობაში და აირჩევს პრეზიდენტს. არჩევნებს ჩაატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

კონსტიტუციის შესაბამისად, იმისთვის, რომ პირველივე ტურში აირჩეს კანდიდატი, საჭიროა, მან მოაგროვოს კოლეგიის წევრთა ხმების 2/3-ის მხარდაჭერა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი 2/3-ს ვერ მოაგროვებს, მაშინ იმართება მეორე ტური“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის პოსტზე განსახირველ კანდიდატებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის და კონსტანტინე გამსახურდიას კანდიდატურები განიხილება.

მდინარაძის განცხადებით, ,,გუნდი სხვაზე ჯერდება".

შეგახსენებთ, არჩევნებში ბარიერგადალახული ხუთი პარტიიდან, ,,ქართული ოცნების“ გარდა, საქართველოს პარლამენტში ჯერჯერობით არცერთი პარტია არ შესულა.

კვირის ამბები