საზოგადოება
19.03.2020 14:09
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში არსებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება - ირაკლი ჩიქოვანი

საკოორდინაციო საბჭოს დღეს გამართულ სხდომაზე, თითოეულ სამინისტროს, საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით, ინსტრუქცია მიეცა, რომლის თანახმადაც, უწყებებმა დღის ბოლომდე უნდა წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში, - აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

ჩიქოვანის თქმით, საუბარი არ ეხება საგანგებო მდგომარეობას, არამედ, ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვისაა მიმართული.

„სამწუხაროდ, ჩვენ უკვე გადავდივართ ვირუსის გავრცელების ფაზაზე, რომელიც მიანიშნებს, რომ გაიზრდება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი. ჩვენ და ჩვენი სამედიცინო სექტორი მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შეკავება შეძლებისდაგვარად ეფექტიანად მოხდეს, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსალოდნელია საქართველოში დაავადებული ადამიანების რიცხვის ზრდა. როგორც იცით, უკვე რამდენიმე კვირაა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ღონისძიებები არის საჯაროდ აღიარებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს დაუმორჩილებლობის ფაქტებიც, რაც არსებულ საფრთხეებს ზრდის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, აუცილებელია, დავექვემდებაროთ ყველა არსებულ შეზღუდვას, დავიცვათ მაქსიმალური სოციალური დისტანცირება, დავრჩეთ სახლში. მინდა გითხრათ, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

კვირის ამბები