საზოგადოება
26.11.2024 12:25
აღწერა 2024-ის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება

საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პირველი - თვითრეგისტრაციის ეტაპი გახანგრძლივდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნულ ეტაპზე, რომელიც 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მოსახლეობას საშუალება ექნება თვითრეგისტრაცია ელექტრონულად გაიაროს.

ვადის გახანგრძლივების მიზეზი კი მოსახლეობის მხრიდან მაღალი აქტივობა და მოთხოვნაა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქსტატმა მიიღო გადაწყვეტილება, აღწერის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი კიდევ გააგრძელოს. თვითრეგისტრაცია გულისხმობს იმას, რომ შენ შეძლებ თავად შეავსო კითხვარი და უპასუხო აღწერისთვის ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას. კითხვარის შევსება მარტივად, ნებისმიერი ბრაუზერით და ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობით შეგიძლია, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდზე: www. geostat. ge.

გახსოვდეს, აღწერის დროს გაცემული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა კანონით დაცულია“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება აღწერის მეორე ეტაპს, 29 ნოემბრიდან დაიწყება და საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინტერვიუერები ინფორმაციას კარდაკარის პრინციპით 19 დეკემბრის ჩათვლით შეაგროვებენ.

კვირის ამბები