გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უსახლკარო, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საცხოვრებლად ხის კოტეჯები გადასცა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მერიამ, ამჯერად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5 ოჯახი დააკმაყოფილა საცხოვრისით, რომელიც აღნიშნული ოჯახების კუთვნილ მიწის ფართობზეა აშენებული.
ახალი საცხოვრისები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ თანამშრომლებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მოინახულეს და ოჯახებს ახალმოსახლეობა მიულოცეს.
„2024 წელს ხის კოტეჯები მერიამ ქვეშში, ბროწლეთში, ფლავში, ბერბუკსა და მეჯვრისხევში მცხოვრებ უსახლკარო ოჯახებს აუშენა. ორი ოჯახი წლების განმავლობაში ავარიულ სახლებში ცხოვრობდა, სამ ოჯახს კი მერია ქირის საფასურს უხდიდა. ხის კოტეჯებით უსახლკარო ოჯახების უზრუნველყოფას მერია უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს და პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.