საზოგადოება
19.03.2020 13:48
გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდში მოსწავლეების აკადემიური მოსწრება ქულებით არ შეფასდება - ეკა დგებუაძე
გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდში მოსწავლეების აკადემიური მოსწრება ქულებით არ შეფასდება - აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემგააკეთა. ეკა დგებუაძის თქმით, შესაძლოა, მოსწავლეებს საბოლოოდ მხოლოდ კონკრეტულ თემაზე პროექტის წარმოდგენა მოსთხოვონ.
მოსწავლეთა შეფასების ნაწილზე კი, სამინისტრომ, შესაძლოა, სხვა რეკომენდაციები გასცეს.
„როდესაც გახანგრძლივებული არდადეგები გვაქვს, აკადემიური მოსწრების შეფასება ნიშნით ვერაფრით ვერ მოხდება. თუ ჩვენ გადავალთ სხვა რეჟიმში, შეიძლება შეფასების ნაწილზეც გავცეთ რეკომენდაციები - შეფასება სულაც არ მოვახდინოთ და საბოლოოდ, მოსწავლემ თემაზე ზეპირი პროექტი წარმოადგინოს. დღესდღეობით, ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმა არის ახალი, დაფუძნებულია თემებზე და არა ტექსტებზე. ამიტომ, მოქნილობა სკოლას ამ ნაწილშიც ექნება.“, - განაცხადა დგებუაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამინისტრო იზიარებს როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ასევე, ინოვაციურ მეთოდების დანერგვასაც გეგმავს: „მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა საელჩოებთან, საკუთართან ერთად, ვიზიარებთ მათ გამოცდილებასაც, რადგან ჩვენნაირ პატარა ქვეყნებს ამ კუთხით არ აქვთ საკმაო გამოცდილება, თუმცა, ისეთი გამოცდილების ქვეყანასაც კი, როგორიც ჩინეთია, გაუჭირდა ციფრულ ტექნოლოგიაზე სრულად გადასვლა. კიდევ ერთი რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ამ დროისთვის ვიყენებთ Microsoft-ის ლიცენზირებულ პროგრამებს, რაც დაცული სისტემაა ბავშვებისთვის და მათ უსაფრთხოებას უზრუნველყობს,“ - აღნიშა ეკა დგებუაძემ.
კვირის ამბები