საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, 25 ნოემბერს გაიმართება. პლენარული სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.
რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის.
საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, პირველ სხდომაზე მუშაობას შეუდგეს, თუ მას ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა - 76 დეპუტატი დაესწრება.
ამ წუთებში, პარლამენტის აპარატი, ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა რეგისტრაციას ახორციელებს.
პირველ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი უფლებამოსილებას პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეიძენს, რის საფუძველზეც უფლებამოსილება შეუწყდება მე-10 მოწვევის პარლამენტს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომაზე მისვლას არ აპირებს, ამავდროულად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიების წევრებიც. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ და მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა არჩევნებში ბარიერგადალახული იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა აქციებს მართავენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, მოუწოდა, რომ პარლამენტის წევრობაზე თუ უარს აცხადებენ, ამის შესახებ ოფიციალურად დაწერონ განცხადებები.