გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ 10 საეჭვო შემთხვევაზე პასუხი უარყოფითია. იმ პაციენტებს, რომლებიც მოგზაურობის ისტორიით ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში გუშინ შეიყვანეს, კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდათ.
,,ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში რჩება 57 პირი, რომელთაგან, 16 სამხედრო მოსამსახურეა, 41 კი - სამოქალაქო პირი.
გუშინ გაიგზავნა 6 ნიმუში, შემდგომ, კვლავ დაემატა 4 საეჭვო პაციენტის ნიმუში, ანუ, მთლიანობაში, ლაბორატორიაში 10 პირზე გაიგზავნა საკვლევი მასალა და ათივე არის უარყოფითი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირებზე არ დასტურდება ვირუსის არსებობა.
ყველა პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, რამდენიმე მათგანს უფიქსირდება დაბალი ტემპერატურული რეაქცია, თუმცა, როგორც გითხარით, მათ კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდათ.
რაც შეეხება შემდგომ ეტაპებს, დღეს ჩვენ დავიწყებთ როტაციას, დეტალურად მოხდება შესწავლა, გავიგებთ, თუ რომელ მათგანს აქვს თვითიზოლაციის საშუალება და შესაბამისად, ჩვენთან მოთავსებულთა რაოდენობა შეიცვლება, ეს ციფრები შემცირდება“, - განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.