საზოგადოება
21.11.2024 14:47
1-ელი დეკემბრიდან საქართველოში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი ამოქმედდება

1-ელი დეკემბრიდან საქართველოში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი ამოქმედდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პარალელურად ამოქმედდება ფინანსური სანქციები კანონით განსაზღვრული, შემდეგი პუნქტების დარღვევაზე:

რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, თუ აღნიშნული რეკლამის გამავრცელებელი მის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებდა − გამოიწვევს ფიზიკური პირის 800 ლარით, ხოლო იურიდიული პირის − 2 500 ლარით დაჯარიმებას;

არასრულწლოვანთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელებით მისთვის ისეთი ინფორმაციის (მათ შორის შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება, ისეთი ინფორმაციის (მათ შორის შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების, მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 3 000 ლარით;

ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში, ისეთი ინფორმაციის შეტანა, აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში ან ამავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება/გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების, მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ - გამოიწვევს ფიზიკური პირის 1 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის − 4 000 ლარით დაჯარიმებას;

რაც შეეხება უშუალოდ, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს, ამ კანონის თანახმად, დაუშვებელი იქნება არასრულწლოვანის შვილად ან მინდობით აღსაზრდელად აყვანა იმ ადამიანის მიერ, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან რომლის სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება;

ასევე, ადამიანის მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით, მისთვის ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან მის მიმართ სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება.

„დაუშვებელია მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების, მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

აღსანიშნავია, რომ ეს აკრძალვა მაუწყებლის ეთერში შემოქმედებითი ნაწარმოების განთავსების მიმართ გულისხმობს მხოლოდ ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის ან ინცესტის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელების დაუშვებლობას. ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვის დარღვევა მაუწყებელს არ შეერაცხება, თუ იგი შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა,”- ნათქვამია კანონში.

შეგახსენებთ, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ საკანონმდებლო დონეზე დადგინდა და დასვენების დღედ გამოცხადდა.

კვირის ამბები