კარალეთის №1 საჯარო სკოლის გუნდი საგანმანათლებლო კონკურსის - „სიტყვის ძალა“ გამარჯვებული გახდა.
ინტელექტუალური კონკურსი IX-XII კლასების მოსწავლეთა ჩართულობით მიმდინარეობდა და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების დასკვნითი შეჯიბრი გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა კონკურსის შესარჩევ ტურში გამარჯვებულმა - გორის №2, №6, №12, ქვემო ხვითის და კარალეთის №1 საჯარო სკოლების გუნდებმა მიიღეს.
„აღნიშნული პროექტის მიზანი ახალგაზრდების ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ხალხური სიბრძნის - ანდაზების გაცნობა-შესწავლაა. კონკურსი, ასევე, შემეცნებითი და სახალისო აქტივობებითაც იყო დატვირთული.
ინტელექტუალური კონკურსის ფინალურ თამაშს თან ახლდა აზარტი და ემოცია, ახალგაზრდები ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ, ამიტომ გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი რაუნდი დაინიშნა.
წელს პირველობა კარალეთის №1-მა საჯარო სკოლამ მოიპოვა (გუნდის წევრები: ეთერ მახოხაშვილი (მეთაური), თაკო როსტომაშვილი, მარიამ გურგენაშვილი, ნინი ჭალიძე, თიკო ტერტერაშვილი)“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.
შეჯიბრების დასასრულს თითოეულ გუნდს სიგელი და სამსახსოვრო საჩუქრები გადაეცა, ამასთან, გამარჯვებული მოსწავლეები წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდნენ.